აიზეკ მერიონი

აიზეკ მერიონი ამერიკის პროვინციულ დასავლეთში წყნარი ოკეანის სანაპირო ქალაქში გაიზარდა. სხვადასხვა დროს იგი გათბობის სისტემების მემონტაჟედ, დაცვის თანამშრომლად და მიუსაფარი ბავშვების ვიზიტების ზედამხედველად მუშაობდა. სადებიუტო რომანი აიზეკმა 2010 წელს გამოსცა. მისი წიგნი „თბილი სხეულები“ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერი გახდა, 2013 წელს კი ადაპტირებული სცენარითა და იმავე სათაურით რომანტიული კომედიაც გადაიღეს ამერიკაში. რომანი ოცდახუთ ენაზეა თარგმნილი. დღეს აიზეკი თავის კატასთან, უოტსონთან ერთად სიეტლში ცხოვრობს,  წერს წიგნებს,  ქმნის მუსიკას  და  იღებს ფოტოებს.

 

თბილი სხეულები

(ფრაგმენტი რომანიდან)

 

როგორც ყოველთვის, ახლაც პირდაპირ ყველაზე გემრიელ ნაწილზე გადავდივარ. ნაწილზე, რომელიც ჩემს თავს პროექტორის მილივით ანათებს. ტვინს ვჭამ და დაახლოებით ოცდაათი წამის განმავლობაში მოგონებები მიბრუნდება. ჩემს თავში იელვებს აღლუმები, სურნელები, მუსიკა… სიცოცხლე. შემდეგ ყველაფერი ისევ თანდათან ქრება, ვდგები და ყველანი ისევ გარეთ, ქალაქში მივბორძიკობთ. ისევ ისეთი რუხები და გაყინულები ვართ, თუმცა თავს ოდნავ უკეთ ვგრძნობთ - არა “კარგად”, არც “ბედნიერად”, რასაკვირველია, არც “ცოცხლად”, მაგრამ ოდნავ უფრო ნაკლებად მკვდრად. ეს მაქსიმუმია, რაც შეგვიძლია.

ჯგუფს უკან მივყვები, ქალაქი კი თანდათან უჩინარდება. სხვებთან შედარებით უფრო მძიმედ მივაბიჯებ. როდესაც სახეზე და ტანსაცმელზე შემხმარი სისხლის წვეთების ჩამოსარეცხად წვიმის წყლით სავსე საგზაო ორმოსთან ვჩერდები, მ უკან, ჩემთან ბრუნდება და მხარზე ხელს მარტყამს. იცის, როგორ არ მომწონს ჩვენი ზოგიერთი რუტინული საქმიანობა. იცის, რომ სხვებთან შედარებით ცოტა უფრო მგრძნობიარე ვარ. ზოგჯერ ამის გამო მაჯავრებს კიდეც, ჩემს აბურდულ შავ თმას ერთ კუდად კრავს და ამბობს: “გოგო. შე… გოგო.” მაგრამ ისიც იცის, როდის უნდა მიიღოს ჩემი დაღვრემილობა სერიოზულად. მხარზე ხელს მისვამს და ხმას არ იღებს, უბრალოდ მიყურებს. მის სახეს აღარ შეუძლია რაიმე აზრიანი გამომეტყველების მიღება, მაგრამ ვიცი, რისი თქმაც უნდა. მე თავს ვუქნევ და გზას ვაგრძელებთ.

არ ვიცი, რატომ გვჭირდება ხალხის დახოცვა. არ ვიცი, რას ვაღწევთ ადამიანის ყელში კბილების ჩასობით. მას ვპარავ ისეთ რაღაცას, რაც მე არ მაქვს. ის ქრება, მე ვრჩები. ყველაფერი მარტივია, მაგრამ უაზრო. პირობითი კანონებია, რომელიც სადღაც ცაში მცხოვრებმა შეშლილმა კანონმდებელმა დააწესა. თუმცა, ამ კანონების მორჩილება სიცოცხლეს მინარჩუნებს და მეც საგულდაგულოდ ვემორჩილები. ვჭამ, სანამ ჭამას დავასრულებ, შემდეგ ისევ ვჭამ.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? როგორ გავხდით ისინი, რაც ვართ? რამე საიდუმლო ვირუსის ბრალია? გამა სხივების? უძველესი წყევლის? იქნებ რაღაც კიდევ უფრო აბსურდულის? ამ საკითხზე ბევრს არავინ ლაპარაკობს. ჩვენ აქ ვართ და ამას ვერაფერს ვუზამთ. არ ვწუწუნებთ. კითხვებს არ ვსვამთ. ჩვენს საქმეს ვასრულებთ.

ჩემსა და ჩემ გარშემო არსებულ სამყაროს შორის დიდი უფსკრულია. ნაპრალი იმდენად განიერია, რომ ჩემს გრძნობებს მისი გადალახვა არ შეუძლიათ. სანამ ჩემი ყვირილი მეორე ნაპირს აღწევს, ისინი ხმადაბალ კვნესად იქცევა.

 

მთრგმნელები: დავით ბალიაშვილი და აკაკი მოსახლიშვილი