ალჰერდ ბახარევიჩი

ალჰერდ ბახარევიჩი 1975 წელს დაიბადა. იგი პოეტი, პროზაიკოსი და რამდენიმე რომანისა და ესეების კრებულის ავტორია. 2018 წელს დაიბეჭდა მისი რომანი „ევროპის ძაღლები“, რომელიც ბახარევიჩმა თავად თარგმნა რუსულ ენაზე. რომანი რუსული ლიტერატურული პრემიის, „დიდი წიგნის“ მოკლე სიის ფინალისტი გახდა. 2020 წელს ბელარუსის „თავისუფალმა თეატრმა“ დადგა რომანის სასცენო ადაპტაცია. მეორე გამოცემა, რომელიც 2021 წელს ლიეტუვაში დაიბეჭდა, ბელარუსის საბაჟომ საზღვარზე დააკავა. 2021 წლის აპრილიდან ბელარუსის სპეცსამსახური იძიებს საქმეს ამ წიგნში ექსტრემიზმის ნიშნების აღმოსაჩენად. ბახარევიჩს ორჯერ მიღებული აქვს ბელარუსის პრემია წლის წიგნი და ოთხჯერ - ეჟი გედროიცის სახელობის პრემია საუკეთესო ბელარუსული პროზისთვის. ალჰერდი „სვეტლანა ალექსიევიჩის მინსკის ინტელექტუალური კლუბის“ წევრია (2019). თავის მეუღლესთან, იულია ტიმოფეევასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და დიქტატურის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

 

წინააღმდეგობა

 

მაქს ფასმერი,

ლინგვისტი, ფრიად სახელგანთქმული,

ლექციებზე დადიოდა ორი პორტფელით.

პორტფელი ეჭირა მას ერთ ხელშიც

და მეორეშიც.

რათა არც ერთი და არც მეორე

არ შეემართა იმ მისალმებით,

„ჰიტლერგრუსი“ რომ ეწოდება.

არც მარცხენა შეემართა და არც მარჯვენა.

 

გარეთ იდგა ათას ცხრაას ორმოცდაერთი.

ბერლინის სამხრეთ-აღმოსავლეთში

ჰერ ფასმერის სტუდენტები

სლავისტიკას მუყაითად ეუფლებოდნენ.

უკაცრავად! - ბოდიშს იხდიდა

პროფესორი თავის კანტურით,

და მაღლა სწევდა თავის პორტფელებს,

როცა ხვდებოდა თავის კოლეგებს

ქუჩებსა თუ დერეფნებში, გაბუღულში ისე,

როგორც მიღებული იყო მაშინ

ცოდნის კერებში.

 

ისინი მასთან ლაპარაკობდნენ ახალ ენაზე,

ახალი ევროპის ჟესტთა ენაზე,

ტრიუმფალურ ახალ ენაზე.

 

მათ ხელში ხომ ასე ბევრი ქალაქი იყო.

მაგრამ მუდამ -

მხოლოდ და მხოლოდ ერთი პორტფელი.

ერთი პორტფელი.

ერთი ხალხი და იმპერია.

და ფიურერიც სულ მუდამ ერთი.

უძლეველი და ერთადერთი.

 

მაგრამ პროფესორს

ხელებში ყოველთვის

ორი პორტფელი ეკავა ხოლმე.

ასეთი იყო წინააღმდეგობა

ბერლინში, ბოლომდე მორჯულებულში,

მაქს ფასმერის, დიდი ლინგვისტის,

სლავისტიკის სფეროში

შუქურის, მანათობელის.

შემდეგ კი დადგა

ჟამი სრული ჩამობნელების.

 

თარგმნა შოთა იათაშვილმა