იმან ჰუმაიდანი

იმან ჰუმაიდანი დაიბადა 1956 წელს. იგი მრავალ ენაზე თარგმნილი ოთხი რომანის ავტორია. მისმა ბოლო რომანმა „სამოთხის 50 გრამი“ 2016 წელს კატარას პრიზი მიიღო, ფრანგული თარგმანი კი 2017 წელს მოხვდა არაბული სამყაროს პარიზული ინსტიტუტის პრემიის მოკლე სიაში. მისი პირველი რომანი ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“ მოგვითხრობს ქალებზე, რომლებიც ომის დროს ბეირუთის ორ ნაწილს შორის სასაზღვრო ზოლში ცხოვრობენ. 2015 წლიდან იმან ჰუმაიდანი წერის ხელოვნების პროფესორია პარიზის მე-8 უნივერსიტეტში. იგი ლიბანის პენ-ცენტრის თანადამფუძნებელი და მოქმედი პრეზიდენტია. იმანი ასევე არის საერთაშორისო პენ-ცენტრის საბჭოს წევრი. ამჯერად წერს მეხუთე რომანს და ცხოვრობს ბეირუთსა და პარიზში. გამომცემლობა „ინტელექტმა“ ქართულად გამოსცა მისი რომანები: „ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“ და „ველური თუთა“, ხოლო გამომცემლობა „აკადემიურმა წიგნმა“ - რომანი „სხვა ცხოვრებანი“. წიგნები ქართულად თარგმნა დარეჯან გარდავაძემ.

 

სხვა ცხოვრებანი

(ფრაგმენტი რომანიდან)

ალბათ ერთადერთი ჩვევა, ჩემს ხსოვნას რომ აჰკვიატებია მას შემდეგ, რაც ლიბანი დავტოვე, ეს ჩემი სადმე დროებითი ყოფნის მუდმივი განცდაა. მომბასაში, ჩემს სახლში, ხელჩანთას შემოსასვლელ მაგიდაზე ვტოვებდი ხოლმე, თითქოს სასწრაფოდ სადმე უნდა წავსულიყავი, ან უცხო ხალხთან ვიყავი ხანმოკლე ვიზიტით. „მირიამ, ეს შენი სახლია!.. შენი სახლია და შენ მისი დიასახლისი ხარ!.. რატომ არ ამოალაგებ შენს ნივთებს?!.. რატომ გაქვს ჩემოდნებში ასე გადანაწილებული?“ - მიმეორებდა თავისი ინგლისური აქცენტით ამ შეკითხვებს მოთმინებადაკარგული კრისი, როცა ხედავდა სახლის შემოსასვლელ კართან პატარა ვესტიბიულში დღეების განმავლობაში მიტოვებულ ჩემს ნივთებს - ტელეფონების წიგნაკს, ტყავის ჩანთას, რომელშიც ლიბანიდან ჩამოსული რომანები მეწყო... მე მათ თან დავატარებდი მანქანაში, ან ვტოვებდი სახლის წინ ბაღში, სადაც ვიჯექი ხოლმე... კრისის სიტყვები მის მიმართ ჩემი უცხოობის გრძნობას არ მიცვლიდა, პირიქით, უფრო მიმძაფრებდა. ვიცი, რომ მუდამ მზადყოფნისა და სიფხიზლის გრძნობა ბეირუთის ომიდან მაქვს გამოყოლილი, თავშესაფრებისა და ერთი ადგილიდან მეორე, უფრო უსაფრთხო ადგილას გადაადგილების მეხსიერებიდან. ეს ჩვევა ჩემში დარჩა და არ დავუტოვებივარ ადელაიდასა და მომბასას შორის გადაადგილებისა და მგზავრობის წლებში. ისიც ვიცი, რომ შფოთვა ჩემს ჩრდილად მექცა, უკვე დიდი ხანია, ჩემი ხასიათის ნიშნად ჩამოყალიბდა. 

ქართულად თარგმნა დარეჯან გარდავაძემ