პირველი ფესტივალის მონაწილეებისაგან

“თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გამორჩეული მოვლენაა. იგი ქმნის მართლაც გლობალურ დიალოგს, თავს უყრის განსხვავებულ ხმებს და ლიტერატურათა შორის ურთიერთობების ხედვებს, ასევე ამ ენებზე მოლაპარაკე საზოგადოებას. საქართველოს მწერალთა სახლის მიერ ნასაზრდოები ეს დიალოგი არ არის ელიტარული, სპილოს ძვლის კოშკში გამოკეტილი აბსტრაქცია; იგი ლიტერატურას ამიწებს, ნამდვილი ადამიანების ნამდვილ ცხოვრებაში შემოჰყავს. ამგვარი ზეიმისთვის თბილისზე უკეთესი ადგილი ძნელად წარმომიდგენია - მას ხომ ასეთი მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია და ბრწყინვალე მშობლიური ენა აქვს. ლიტერატურული ფესტივალი თავის ყველა მონაწილეს - მწერლებს, მკითხველებს, მოქალაქეებს - ეხმარება იყვნენ თანაზიარნი, საზღვრებსა და ტომებს მიღმა მიაღწიონ ურთიერთგაგებას. უფრო ჰუმანური მიზანი ძნელად წარმომიდგენია. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ფესტივალში მონაწილეობა”.
 
კიმბერლი ჯონსონი (აშშ)
 
 
 
“ყველაზე მეტად გულში მომხვდა და დღემდე არ მტოვებს იმის განცდა, რომ თბილისი თავისთავად არის ტექსტი. ერთგვარი ქალაქი-რომანი, ყველაზე შორეული თაროდან გადმოღებული, მხოლოდ იმისთვის, რომ გონებაში გააცოცხლო ზოგიერთი ფურცელი. როგორც კი წიგნს შლი, მაშინვე ეჯაჭვები მას, და მისი ქუჩები მტვრიანია, როგორც ბუკინისტური გამოცემის გვერდები, და პოეტები ჰგვანან კრიმინალური დრამების გმირებს, და მისი ქალები ითხოვენ, რომ მათ რითმით მიმართავდნენ. ხოლო როცა რომანს ბოლომდე ჩაიკითხავ, გულდაწყვეტით გადადებ გვერდზე. მაგრამ გადადებ ახლომახლო, რათა ყოველთვის შეგეძლოს ხელით მიწვდე მას”.
 
 
სერგეი ჟადანი (უკრაინა)
 
 
 
ფესტივალი საქართველოში ჩემთვის მართლაც შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო, რადგან ცხოვრებაში იშვიათად შემხვედრია მსმენელი, რომელიც ასეთი ყურადღებიანი და ჩართული იყო პოეზიის კითხვის დროს. ჩემი მთარგმნელის, ნუნუ გელაძის წყალობით, შევძელი სიღრმისეულად გამომეხატა ჩემი შეხედულება პოეზიაზე, რომ იგი შეიძლება იყოს ოაზისი თანამედროვე საზოგადოების უდაბნოში. მაინც მგონია, რომ პოეზიას შეუძლია ენობრივი და კულტურული ბარიერების გადალახვა და ფესტივალის ჩატარება სწორედ ეს მცდელობაა _ წინააღმდეგობა გაუწიოს გაბატონებულ მოსაზრებას, რომ ხელოვნება, პოეზია, კულტურა, ვნება და ოცნება „უსარგებლო“ რამაა. ვუსურვოთ თქვენს ფესტივალს დღეგრძელობა!
 
კლაუდიო პოცანი (იტალია)
 
 
“ლამაზი, გულუხვი ადამიანები (და ყველანი - კნეინები და თავად-აზნაურები, და ყველანი - ერთმანეთის ნათესავები), მთების გრანდიოზული, ჰაეროვანი სილამაზე, ღვინო, დამზადებული მანდელშტამისეული “პოეზიის ყურძნის ხორცისგან” (და საუკეთესო ღვინოს ეწოდება “უსახელოური”), ლექსების კითხვა ფართოდ გახსნილი ცის ქვეშ, დიდთვალა ახალგაზრდა მსმენელები, ვარდის ბუჩქები ძველ აივნებზე, სერენადებს მიყურადებულ ლამაზმანებს რომ ჩამოჰგვანან - აი, ასეთია ის, ჩემი თბილისური ფესტივალი, თუკი მას ერთ ბედნიერ ღიმილში მოვაქცევ”.
 
 
 
ვერა პავლოვა (აშშ)