ფესტივალის შესახებ

საქართველოს მწერალთა სახლის პროექტი, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) უკვე ხუთი წელია ქვეყნის ლიტერატურული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული ღონისძიებაა.

ფესტივალი პირველად 2015 წელს გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. ამ ხნის განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა 100 ავტორს 35 ქვეყნიდან. TIFL-ის ფარგლებში სულ გაიმართა 147 ღონისძიება უცხოელი და ქართველი ავტორების, მოდერატორების, მთარგმნელების, მუსიკოსების და სხვა პერფორმერების მონაწილეობით.

2015-2019 წლებში TIFL-ის მონაწილეები იყვნენ: დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, ვიქტორ ეროფეევი, მელანია მაცუკო, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, მაიკლ პალმერი, ჩარლზ ბერნსტაინი, ტომას ვენცლოვა, იულია ფიედორჩუკი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვოლია ჰაპეევა, იუჯინ ოსტაშევსკი, ლევ რუბინშტეინი, ვერა პავლოვა და სხვა, ლიტერატურული წრეებისა თუ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი მწერალი.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, ვორქშოფებს, ავტორებთან შეხვედრებს, წიგნის პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს. ფესტივალი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ლიტერატურულ ჟურნალებთან, გამომცემლობებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მოსამზადებელ პერიოდში ქართულ პერიოდიკაში ქვეყნდება მონაწილე ავტორების ტექსტების თარგმანები, იმართება შეხვედრები უნივერსიტეტებში და სხვა სივრცეებში.

TIFL ასევე მნიშვნელოვანი პლათფორმაა თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის. ფესტივალი ავტორებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს, მკვლევარებს  და მთარგმნელებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ცოცხალ და მუდმივად განვითარებად საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებში. 2018 წელს ფესტივალის პროგრამის ნაწილი იყო ქართული პოეტური გაერთიანებების რეტროსპექტივა, 2019 წელს კი, ლიტერატურული მისტიფიკაციები.