თბილისის ლიტერატურის ფესტივალი

თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) მწერალთა სახლის  საგაზაფხულო ტრადიციად იქცა და 2017 წელს მესამედ იმართება. ფესტივალი უკვე ორი წელია თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია მიმზიდველი პროგრამით, საინტერესო მონაწილეებით და საზოგადოებასი აღძრული დიდი ინტერესით. TIFL საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მისი ინიციატორი, მასპინძელი და ორგანიზატორი კი საქართველოს მწერალთა სახლია. ფესტივალი საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებს ეხმაურება. მისი სივრცე თბილისში უკვე მესამე წელია ეთმობა როგორც ქართველ, ასევე სხვა ქვეყნებიდან მოწვეულ ავტორებს.

2017 წელს ფესტივალი მაისის დასასრულს გაიმართება - 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით.

მიმდინარე და შემდეგ წელს საქართველო მსოფლიოს ლიტერატურული და საგამომცელო სფეროს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება. TIFL სწორედ ამ მნიშვნელოვანი პროცესების ნაწილია. ფესტივალის პროგრამა და თემები ჰუმანიტარული მეცნიერებების და უფრო ვიწრო ჭრილში - ლიტერატურის მნიშვნელობისკენ მიმართავს საზოგადოების ყურადღებას. ჩვენი მიზანი საერთაშორისო პროცესებისთვის ლოკალური არენის დათმობაა. TIFL-ის სივრცე ერთმანეთთან აკავშირებს ლიტერატურული სამყაროს წარმომადგენლებს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან: ავტორებს, მთარგმნელებს, მკვლევარებს, ბიოგრაფებს, მეცნიერებს და უბრალოდ დაინტერესებულ აუდიტორიას.

ფესტივალი საზოგადოების ინტერესის საპასუხოდ დაარსდა, მისი მთავარი დატვირთვაც ესაა - ლიტერატურის მოყვარულთათვის მუდმივმოქმედ პროცესებში ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემაა.

 

ფესტივალის არქივი:

 

თბილისის მე-2 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

16-21 მაისი, 2016

თბილისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს წარმატებით ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოების დიდი ინტერესი და ჩართულობა მოჰყვა - როგორც უბრალო მსმენელების, ასევე ლიტერატურული პროცესების მონაწილე პროფესიონალების მხრიდან. სწორედ ამ მაღალი აქტივობის გამო მწერალთა სახლმა TIFL-ის ტრადიციად ქცევა გადაწყვიტა. 2015 წელს ფესტივალის თემები და პროგრამა გაერთიანდა ერთი კონცეფციის - „ლოკალური გლობალურია“ (Local is Global) გარშემო.

TIFL 2-მა უმასპინძლა მონაწილეებს 14 ქვეყნიდან: ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩილე, იაპონია, ჰოლანდია, პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, უკრაინა, თურქეთი და აშშ.

ფესტივალმა საზოგადოებას საინტერესო და მიმზიდველი პროგრამა წარუდგინა. მწერალთა სახლი და რამდენიმე დამატებითი ლოკაცია ერთი კვირის განმავლობაში აუდიტორიას აცნობდა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურას - მრავალფეროვანს და ცოცხალს. ფესტივალის საღამოები დაეთმო რუსულ, იაპონურ, ჰოლანდიურ, შვედურ, პოლონურ და ჩილურ პოეზიას. საქართველოს TIFL-ის ფარგლებში ეწვივნენ მსოფლიოში აღიარებული პროზაიკოსები - დიბისი პიერი და ეთგარ კერეთი. მწერალთა სახლში ძალიან საინტერესო მოხსენებით წარსდგა ამერიკელი ჰუმანიტარი და ბიოგრაფი სიუზენ შილინგლოუ, რომელმაც ჯონ სტაინბეკის საქართველოში მოგზაურობაზე საკუთარი კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა. ფესტივალის სცენა დაეთმო სხვადასხვა დისკუსიებს, მათ შორის მსჯელობას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ლიტერატურის სფეროს გამოწვევებსა და განვითარებაზე.

 საქართველო დღეს განსაკუთრებით რთული ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას. უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანა, მყარი იდენტობით და მდიდარი კულტურული ტრადიციებით ჯერ კიდევ ცდილობს საბჭოთა წარსულთან გამკლავებას, და ამავე დროს მუდმივი გეოპოლოტიკური საფრთხეების წინაშეა.

რა არის ლიტერატურის როლი 21-ე საუკუნეში? როგორ შეუძლიათ მწერლებს გამოხატვის თავისუფლების დაცვაში წვლილის შეტანა? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა განათლებისთვის გლობალიზებულ მსოფლიოში? - ეს მხოლოდ მოკლე სიაა იმ საკითხებისა, რაც 2016 წლის მაისში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე იქნა დასმული, და განხილული.

 

თბილისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურილი ფესტივალი

18-23 მაისი, 2015

საქართველოს მწერალთა სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისმა ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალს (TIFL) უმასპინძლა. პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. სპონსორების სიაში ასევე შედიან სხვა ორგანიზაციები: აშშ-ის საელჩო, იტალიის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, პოლონური წიგნის ცენტრი და რობერტ ბოსხის ფონდი.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დაარსება ქვეყნისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ღონისძიება იმ მოსამზადებელი პროცესის ნაწილია, რასაც საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობისთვის გაივლის. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალი უპრეცედენტოა კავკასიაში, შედეგად საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს რეგიონში ლიტერატურული კავშირების გასამყარებლად.

ფესტივალს 17 მონაწილე ჰყავდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთი კვირის განმავლობაში 30 ღონისძიება გაიმართა - წიგნის პრეზენტაციები, პოეზიის საღამოები, პანელური დისკუსიები, სტუდენტური ვორკშოპები და გამოფენები.