ფესტივალის მონაწილეების გამოხმაურებები
“თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გამორჩეული მოვლენაა. იგი ქმნის მართლაც გლობალურ დიალოგს, თავს უყრის განსხვავებულ ხმებს და ლიტერატურათა შორის ურთიერთობების ხედვებს, ასევე ამ ენებზე მოლაპარაკე საზოგადოებას. საქართველოს მწერალთა სახლის მიერ ნასაზრდოები ეს დიალოგი არ არის ელიტარული, სპილოს ძვლის კოშკში გამოკეტილი აბსტრაქცია; იგი ლიტერატურას ამიწებს, ნამდვილი ადამიანების ნამდვილ ცხოვრებაში შემოჰყავს. ამგვარი ზეიმისთვის თბილისზე უკეთესი ადგილი ძნელად წარმომიდგენია - მას ხომ ასეთი მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია და ბრწყინვალე მშობლიური ენა აქვს. ლიტერატურული ფესტივალი თავის ყველა მონაწილეს - მწერლებს, მკითხველებს, მოქალაქეებს - ეხმარება იყვნენ თანაზიარნი, საზღვრებსა და ტომებს მიღმა მიაღწიონ ურთიერთგაგებას. უფრო ჰუმანური მიზანი ძნელად წარმომიდგენია. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ფესტივალში მონაწილეობა”.
კიმბერლი ჯონსონი (აშშ)
“ყველაზე მეტად გულში მომხვდა და დღემდე არ მტოვებს იმის განცდა, რომ თბილისი თავისთავად არის ტექსტი. ერთგვარი ქალაქი-რომანი, ყველაზე შორეული თაროდან გადმოღებული, მხოლოდ იმისთვის, რომ გონებაში გააცოცხლო ზოგიერთი ფურცელი. როგორც კი წიგნს შლი, მაშინვე ეჯაჭვები მას, და მისი ქუჩები მტვრიანია, როგორც ბუკინისტური გამოცემის გვერდები, და პოეტები ჰგვანან კრიმინალური დრამების გმირებს, და მისი ქალები ითხოვენ, რომ მათ რითმით მიმართავდნენ. ხოლო როცა რომანს ბოლომდე ჩაიკითხავ, გულდაწყვეტით გადადებ გვერდზე. მაგრამ გადადებ ახლომახლო, რათა ყოველთვის შეგეძლოს ხელით მიწვდე მას”.
სერგეი ჟადანი (უკრაინა)
"ფესტივალი საქართველოში ჩემთვის მართლაც შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო, რადგან ცხოვრებაში იშვიათად შემხვედრია მსმენელი, რომელიც ასეთი ყურადღებიანი და ჩართული იყო პოეზიის კითხვის დროს. ჩემი მთარგმნელის, ნუნუ გელაძის წყალობით, შევძელი სიღრმისეულად გამომეხატა ჩემი შეხედულება პოეზიაზე, რომ იგი შეიძლება იყოს ოაზისი თანამედროვე საზოგადოების უდაბნოში. მაინც მგონია, რომ პოეზიას შეუძლია ენობრივი და კულტურული ბარიერების გადალახვა და ფესტივალის ჩატარება სწორედ ეს მცდელობაა _ წინააღმდეგობა გაუწიოს გაბატონებულ მოსაზრებას, რომ ხელოვნება, პოეზია, კულტურა, ვნება და ოცნება „უსარგებლო“ რამაა. ვუსურვოთ თქვენს ფესტივალს დღეგრძელობა!“
კლაუდიო პოცანი (იტალია)
“ლამაზი, გულუხვი ადამიანები (და ყველანი - კნეინები და თავად-აზნაურები, და ყველანი - ერთმანეთის ნათესავები), მთების გრანდიოზული, ჰაეროვანი სილამაზე, ღვინო, დამზადებული მანდელშტამისეული “პოეზიის ყურძნის ხორცისგან” (და საუკეთესო ღვინოს ეწოდება “უსახელოური”), ლექსების კითხვა ფართოდ გახსნილი ცის ქვეშ, დიდთვალა ახალგაზრდა მსმენელები, ვარდის ბუჩქები ძველ აივნებზე, სერენადებს მიყურადებულ ლამაზმანებს რომ ჩამოჰგვანან - აი, ასეთია ის, ჩემი თბილისური ფესტივალი, თუკი მას ერთ ბედნიერ ღიმილში მოვაქცევ”.
ვერა პავლოვა (აშშ)
“როგორც კი ჩემმა თვითმფრინავმა გვიან ღამით მიწაზე დაშვება დაიწყო, კავკასიონზე გაელვება შევნიშნე, გაელვება, რომელიც ჯერ ჩქარი მდინარის მიერ არეკლილ ქუჩის განათებად იქცა, შემდეგ "კი უძველესი ბაღების ლამპიონებში გაკრთა, ღვინის თანმხლები სანთლების ალად გარდაიქმნა. მე კი არ მასვენებდა ფიქრი და ცოდნა იმისა, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი, რაც უწინ მხოლოდ ჩემს თავში შიშხინებდა და რასაც ვწერდი, ახლა რეალურ ცხოვრებაში ტრიალებდა ჩემს თვალწინ. სწორედ ასეთი მახსოვს თბილისი. თითქოს რაღაც წარმოსახულმა ხორცი შეისხა და ჩვენ ყველანი იქ ვიყავით, ერთად წარმოვიდგენდით ამ ყველაფერს. იმედი მრჩება, რომ ერთ დღეს კვლავ შევძლებ ამის გაკეთებას. იქამდე კი, შემიძლია მხოლოდ ვწერო."
დიბისი პიერი (დიდი ბრიტანეთი)
"მრავალი წლის განმავლობაში ვსტუმრობ სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ ადგილებში. შარშანდელი ფესტივალი თბილისში საოცარი იყო - ძალიან თბილი (სამხრეთული!) გარემო, კოლეგების- მონაწილეების არაჩვეულებრივი გუნდი და ასეთი დიდი ყურადღება ორგანიზატორებისგან. და, რა თქმა უნდა, თვითონ ქალაქი - საქართველოს ფანტასტიური დედაქალაქი. თუ თქვენ ამ ლიტერატურულ ფესტივალზე დაგპატიჟებენ, ჩათვალეთ რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ."
იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა)
"თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი შეიძლება არ იყო ყველაზე დიდი და მდიდარი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ხელგაშლილი. ფესტივალის მოტივირებული გუნდი და ძალიან თბილი, აქტიური აუდიტორია თავს მუდმივად ისე გაგრძნობინებენ, თითქოს სახლში ხარ."
ეთგარ კერეთი (ისრაელი)
"თბილისი და მისი შემოგარენი ულამაზესი აღმოჩნდა უძველესი ისტორიით, მდიდარი კულტურით და ცოცხალი კაფე-ბარებით, რომელთა ხმაური თან ერთვოდა მდინარის ჩუმ დინებას. საქართველოს მწერალთა სახლი - ფესტივალის მთავარი სცენა, თავისი წარმტაცი ბაღითა და არქიტექტურით ლიტერატურისადმი მიძღვნილი ყველაზე ლამაზი ადგილია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. მთელი მსოფლიოდან ამ პატარა სამყაროში მოხვედრილი ლექსები გამოირჩეოდნენ მრავალფეროვნებით, პოეტების განსაკუთრებულ ლიტერატურული მემკვიდრეობას უსვამდნენ ხაზს და ერთობლივად და ჰარმონიულად მღეროდნენ მუზისა და ჰუმანიზმის ჰიმნს. პირადად ჩემთვის ფესტივალიდან შემორჩენილი ყველაზე ძვირფასი მოგონებები ხალხს ეხება: იმ ქართველებს, რომლებიც ფესტივალისთვის მუშაობდნენ და სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტებში შევხვდი - ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა ასხივებდა მოზეიმე სულს, ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობასა და თბილ სტუმართმოყვარეობას. და ამ ხალხის ზურგს უკან - ქართველი პოეტების დასამახსოვრებელი ფოტოები მწერალთა სახლის კედლებზე, მათი, ვინც სიცოცხლე პოეზიის სიყვარულსა და სამშობლოს შესწირა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მათმა სიცოცხლემ ახალი ძალა შეიძინა, ჯერ კიდევ ახალგაზრდანი და ოცნებებით დატვირთულნი წამიერად წარსულიდან გამოთავისუფლდნენ და ჩვენი გავლით საკუთარი თავი ფესტივალის „აქ და ახლა“ წამისკენ მიმართეს. უცნაურია, მაგრამ ეს მოგონებები ჩემთვის „სახლის“ განსახიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში პირველად ვიყავი. იმედი მაქვს ერთ დღესაც უკან დავბრუნდები..."
იასუჰირო იოცუმოტო (იაპონია)
"თბილისში ბევრჯერ ვყოფილვარ (სულ პირველად თითქმის სამოცი წლის წინ!). ამ ქალაქში ყოველი ვიზიტი დიდი ბედნიერებაა - საქართველოში სხვაგვარად შეუძლებელია. თუმცა ეს ფესტივალი ალბათ ყველაზე გამორჩეული იყო ჩემი ვიზიტებიდან, რადგან არ მტოვებდა შეგრძნება ახალი, იმედისმომცემი ხანის დასაწყისისა ამ ქვეყნის ისტორიაში, რადგან მქონდა ბევრი სასიამოვნო შეხვედრა ქართველ და სხვა ეროვნების პოეტებთან და რა თქმა უნდა კახეთის შესანიშნავი ტურის წყალობითაც. მე და ჩემი მეუღლე TIFL-ის ყველა ორგანიზატორის და მონაწილის მადლიერები ვართ."
ტომას ვენცლოვა (ლიტვა)
"მე ახალბედა არა ვარ, მრავალ საერთაშორისო ფესტივალში მიმიღია მონაწილეობა: ნიდერლანდებში, აშშ-ში, ხორვატიაში, იტალიაში და სხვაგან. ამის მიუხედავად, თბილისის 2017 წლის ფესტივალს ყოველთვის დიდი სითბოთი და აღფრთოვანებით გავიხსენებ. მგონია, რომ თითოეული მონაწილე გრძნობდა ორგანიზატორების ყურადღებას, მზრუნველობას და გულუხვობას ფესტივალის ყველა ასპექტში, იქნებოდა ეს პოეტური საღამო, ექსკურსია თუ უბრალოდ, ყოფითი საკითხები. ამ ყველაფერმა სულის სიღრმემდე შემძრა, დიდი მადლობა! ამ კარგ წამოწყებას ხანგრძლივ მომავალს ვუსურვებ!"
სერგეი განდლევსკი (რუსეთი)
"თბილისის ლიტერატურული ფესტივალი პირადად ჩემთვის დიდი დრამატულობით გამოირჩეოდა, - რა უნდა ინატროს პოეტმა ამაზე მეტი? ნამდვილი სიხარული და ნამდვილი სევდა გაძლევს პოეზიისთვის აუცილებელ იმპულსებს. ფესტივალმა თბილისში სწორედ ასეთი ნამდვილი შეგრძნებები მომგვარა, რის გამოც მისი ძალიან მადლიერი ვარ. ეკლესიები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეტებთან საუბრები, თანმხლები მელანქოლია უკვე ჩემი იმ ლექსების ნაწილია, რომლებიც საქართველოში გატარებული დაუვიწყარი ხუთი დღის შემდეგ დავწერე."
ვოლია ჰაპეევა (ბელარუსი)
"თბილისში ჩამოვედი მშრალი შეხვედრებით და გამოკითხვებით დატვირთული კონფერენციის მოლოდინში, სანაცვლოდ კი, რაც იქ დამხვდა, გული გამილღო. ამ ფესტივალის მსგავსი არაფერი მენახა. დაუჯერებელი სილამაზის ქალაქში ადამიანების ველური მრავალფეროვნებით და იდეებით ვიყავი გარშემორტყმული და ვზეიმობდი მეგობრობას, რომელიც ყველა საზღვარს აბათილებდა. ამ მოგონებებს სამუდამოდ ვატარებ თან."
აიზეკ მერიონი (აშშ)
"თბილისში რამდენჯერაც უნდა ჩამოვიდე, იმდენჯერ წელიწადის მეხუთე, მოულოდნელი დრო მხვდება - ზაფხული გაზაფხულის ან ზაფხული შემოდგომის შუაგულში. მაშინებს იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ზაფხულში ჩამოვალ... საინტერესო ქალაქებში ლექსები მეწერინება, არასაინტერესო ქალაქებში კი - არა. თბილისის ფესტივალი ისეთი საინტერესოა, რომ უბრალოდ მენანება მათზე დროის ხარჯვა. აქ პოეზია უბრალოდ დასიზმრებას იწყებს. კედლებიდან თბილისური გრაფიტის გამოსახულებები გადმოდიან და ღამეულ ძაღლებს უხმობენ. ძაღლები ადამიანის ხმით გიწვევენ ტაილანდური მასაჟის მისაღებად. ტაილანდელი მასაჟისტები ბუკინისტები აღმოჩნდებიან და, სარგებლობენ რა ჩემი უცოდინრობით, ცდილობენ, ჩემივე ლექსების ქართული თარგმანები შემომასაღონ. და მეც, ყველა მასაჟისტთან და ბუკინისტთან ერთად ვჯდები სამარშრუტო ტაქსიში, ზღვა და მთები რომ მოვინახულო. „მარშრუტკა“ საცობში ხვდება, რადგან თბილისის ფესტივალზე ძალიან ბევრი პოეტია ჩამოსული და ყველას თავისი ღამის „მარშრუტკა“ ჰყავს. ამ დროს ერთ-ერთი მათგანის მძღოლი ხმამაღალ მუსიკას რთავს და მთელი ქალაქი, ღვინისა და ჩურჩხელის გამყიდველები, პოეტები და ღამეული ძაღლები, ზღვა და მთები სიმღერას ყვებიან და ცეკვას იწყებენ. „მარშრუტკიდან“ ჩამოსვლისას ბელარუსის სასაზღვრო კონტროლი მხვდება. მე მართმევენ ღვინოს და ჩურჩხელას, ზღვასა და მთებს და სიზმარში მოფიქრებულ ლექსებსაც კი. მიტოვებენ მხოლოდ ამ ტექსტს საბაჟო დეკლარაციის სახით."
ანდრეი ხადანოვიჩი (ბელარუსი)
"დაახლოებით 50 ფესტივალიდან, რომელზეც ვყოფილვარ, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი უდავოდ საუკეთესოა. არადა მერწმუნეთ, ბევრი ძალიან კარგი ფესტივალი არსებობს. TIFL კომბინაციაა ყველაფრისა, რაც ლიტერატურას მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის."
არნე სვინგენი (ნორვეგია)
"ხელგაშლილობა, სტუმართმოყვარეობა, პოეზია, სამზარეულო და ღვინო - ყველაფერი ეს მწერალთა სახლის ულამაზეს გარემოში - რა სჭირდება სულს ამის მეტი? თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე საოცარი პოეტური თავშეყრაა, რომელსაც ოდესმე დავსწრებივარ და შთაგონება, რომელიც მან ჩემს სამუშაოსა და ცხოვრებას მიანიჭა, დღემდე მასაზრდოებს."
იულია ფიედორჩუკი (პოლონეთი)
"საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინია, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი კი - ენების. ინტიმური ყაიდის ფესტივალი, თავდადებული გუნდითა და შთამბეჭდავი ადგილებით, ზედგამოჭრილი გარემოა ტრანსფორმაციული საუბრებისა და მაცოცხლებელი პერფორმანსებისთვის. აქ პოეზია ითქმის!"
ჩარლს ბერნსტაინი (აშშ)