ნიკოლა მაძიროვი

პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი. დაიბადა 1973 წელს, ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ სტრუმიცაში, ბალკანური ომების შედეგად იძულებით გადაადგილებულთა ოჯახში. მისი ლექსები ორმოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი. წიგნისთვის „გადაადგილებული ქვა“ (2007), მიღებული აქვს ჰერბერტ ბურდას სახელობის აღმოსავლეთ ევროპული პოეზიის ჯილდო და ყველაზე პრესტიჟული მაკედონიური პოეტური პრემია „Miladinov Brothers“ „სტრუგას პოეტური საღამოების“ ფარგლებში. ასევე მიღებული აქვს სხვა ჯილდოებიც: „Studentski Zbor“ საუკეთესო დებიუტისთვის და „Xu Zhimo Silver Leaf“ ევროპული პოეზიისთვის, „ქინგს კოლეჯში“, კემბრიჯში.

ამერიკელ ჯაზ-კომპოზიტორს ოლივერ ლეიკს, რომელიც ბიორკთან და ლუ რიდთან თანამშრომლობდა, შექმნილი აქვს მუსიკა მაძიროვის ლექსებზე. მისი პოეტური კრებულების შესახებ რეცენზიები იბეჭდებოდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა „Der Spiegel“, „World Literature Today“ და „El Pais“... მისი წიგნის - „სხვა საუკუნის ნარჩენების“ ინგლისური თარგმანი კაროლინ ფორშეს წინასიტყვაობით ამერიკაში „BOA“-მ გამოსცა, ხოლო ბრიტანეთში „Bloodaxe Books“-მა. 

 

სახლი

მე ვცხოვრობდი ქალაქის პირას

ლამპიონივით, რომლის ნათურაც

არავის არასდროს გამოუცვლია.

კედლებს იჭერდა ობობის ქსელები

და ჩვენი შერწყმული ხელების ოფლი.

ცუდად ნაგები ქვითკირის კედლის ღრიჭოებში

მე დავმალე ჩემი ფუმფულა სათამაშო დათუნია,

სიზმრებისგან რომ გადამერჩინა.  

 

დღედაღამ ბარიერს ვაგებდი ზღურბლზე და

იმ ფუტკარივით ვუბრუნდებოდი,

რომელიც მუდამ უბრუნდება მის წინა ყვავილს.

სახლი რომ დავტოვე, მშვიდობა იდგა:

 

მოკბეჩილ ვაშლს ლპობა ჯერაც არ შეპარვოდა,

წერილს კი ბეჭდად სახლი ერტყა - ძველისძველი, მიტოვებული.

 

რაც დავიბადე, მივიწევდი მას მერე წყნარი ადგილებისკენ

და ჩემს ფეხქვეშ სიცარიელე დაკიდულიყო,

როგორც ის თოვლი, თავადაც რომ ვერ გაუგია

მიწისაა თუ ცის.

 

                       თარგმნა ზაზა კოშკაძემ